გზა

530139_341014055987233_1453039742_n

      ჩაფიქრებული მივუყვებოდი ალაგ–ალაგ განათებულ, სრულიად გაუკაცრიელებულ ქუჩებს, შუა ღამით. ქარიც კი არ იძროდა. ყველაფერი გაშეშებულ, გაქვავებულ მასას ჰგავდა. არაფერი არ არღვევდა მყუდროებას, მხოლოდ საკუთარი ნაბიჯების ხმა ჩამესმოდა, ისიც შორიდან.
თავი ავწიე და ჩემს წინ კაცი დავლანდე, რომელიც ჩემსავით მისეირნობდა. უცებ მეც გავჩერდი და ისიც შესდგა. სრულმა მდუმარებამ დაისადგურა. თვალს არ ვაშორებდი უცნობს. მან თავი გვერდულად დახარა, თითქოს უკან გამომხედაო, გაუნძრევლად. ხელები აიღო და უცნაური მოძრაობა დაიწყო, თითქოს მუსიკას აყოლებსო, სადირიჟორო ჯოხს. როცა თავიც ააყოლა რიტმს, ცოტა სინათლე მოხვდა სახეზე და შევნიშნე, რომ თვალები დახუჭული ჰქონდა. გავიფიქრე, ალბათ გიჟია–მეთქი, მაგრამ… მერე აღმოვაჩინე, რომ ეს გიჟი მე ვიყავი.
სინამდვილეში, ეს მე ვიდექი შუა, ნახევრად განათებულ გზაზე და სრულ მდუმარებაში ვაყოლებდი არარსებულ მუსიკას ხელს. თვალები დახუჭული მქონდა და ვიხედებოდი იმ უკანმყოფის თვალებით, რომლის მზერაც, სინამდვილეში, ზურგს მიწვავდა. მერე მივხვდი, რომ ისიც მე ვიყავი.
პირველი ნაბიჯი გადავდგი გიჟისკენ, მეორე, მესამე.. გიჟთან მივედი ისე, რომ ადგილიდან არც გავნძრეულვარ. მივედი მასთან, ანუ ჩემთან მოვიდა, ანუ ჩემთან მოვედი… ჩემში შემოვედი.
თვალები გავახილე, ისევ იქ ვიყავი, ცარიელ, უძრავ, მკვდარ სამყაროში. ახლა კი, მეც მომესმა მუსიკა, სადღაც შორიდან. ალბათ ის სიშორეც ჩემში იყო.. რიტმს ავყევი და ასე განვაგრძე გზა…

Advertisements